16-17 ნოემბერს, კალიფორნიაში პირველად ქართული ღვინის ფორუმი გაიმართა. ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე ღვინის ფორუმს, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, ქალაქ დევისში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფორუმი ბიზნეს საბჭოს დირექტორმა, მამუკა წერეთელმა გახსნა. გარდა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა, ღონისძიება სამეცნიერო კონცეფციასაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარებმა ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევები განიხილეს. ფორუმს ესწრებოდნენ უმაღლესი დონის ღვინის ექსპერტები და სომელიეები.
ფორუმის გახსნაში მონაწილეობა მიიღო და სტუმრებს სიტყვით მიმართა სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალურმა კონსულმა. ლევან ბერიძემ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ამერიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაში საკონსულოს მხარდაჭერაზე ისაუბრა.
17 ნოემბერს, ღვინის ფორუმის მეორე დღე, ქართული ღვინის დეგუსტაციას დაეთმო, რომელსაც სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა. ღონისძიებაზე მონაწილე ექვსმა ღვინის იმპორტიორმა, მოწვეულ სტუმრებს საფერავის 30-ზე მეტი სახეობა წარუდგინეს. დეგუსტაციას ესწრებოდა ცნობილი სომელიე ტეილორ პარსონიც, რომელმაც ხაზი გაუსვა საფერავის განსაკუთრებულობასა და მის მრავალფეროვნებას.
ქართული ღვინის ფორუმი ამერიკა-საქართველოს ბიზნესაბჭოს ინიციატივითა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2018 წლიდან იმართება. მისი მიზანი ქართული ღვინის კულტურის, ისტორიის, და მეღვინეობის მიღწევების პოპულარიზაციაა.